![]()
![]()
ოდესმე ბლოგი დაგიწერიათ? - ეს ჩემი პირველი ცდაა, დიდი
ხანია მინდა ბლოგის დაწერა, სადაც ჩემს მოგზაურობის, თავის მოვლის საშუალებების,
ფოტოგრაფიისა თუ სხვადასხვა საინტერესო ფაქტების შესახებ საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებთ,
ესეც ჩემი დასაწყისი. 2018 წლის აპრილში მეგობარმა შემოგვთავაზა ბარსელონას ტური,
სექტემბერში ხომ არ წავიდეთ-ო? გოგოებს მოგზაურობა და თან დასვენება ძალიან გვინდოდა,
ჰო და ერთი იდეის მოზიარე 8 მეგობარი გოგონა შევიკრიბეთ და ბევრი ძიებისა თუ მსჯელობის
შემდეგ არჩევანი სხვა ქვეყანაზე შევაჩერეთ, თუმცა ხმელთაშუა ზღვის ლაჟვარდოვანი სანაპიროები
უცვლელი დავტოვეთ, გეზი კვიპროსისკენ, კერძოდ კი მისი ტურისტული, დასვენებისა და გართობის
ცენტრ - აია ნაპასაკენ ავიღეთ.
 |
Nissi Beach |
ზოგადად, კვიპროსის კურორტები რეკომენდებულია დასასვენებლად
როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ტურისტებისთვის, ასევე წყვილებისა და ბავშვებიანი
ოჯახებისთვის, ბიზნეს-ტურებისთვის თუ ხანგრძლივი არდადეგებისთვის, თუმცა ჩვენ ამ კუთხით
ფუფუნება არ გვქონია შვებულების დღეებზე და მხოლოდ 4 დღიანი ტური შევიძინეთ. სასტუმროს
ფოტოები წინასწარ დავათვალიერეთ და ისე დავუდასტურეთ ტურისტულ სააგენტოს ტურის შეძენა.
რატომ გადავწყვიტეთ ტურისტულ სააგენტოში პაკეტის შეძენა?
- ძირითადად ინდივიდუალურად მიყვარს მოგზაურობის დაგეგმვა, ჩემ გემოზე, რომელ თარიღსაც
მინდა შევარჩევ სამოგზაუროდ, რომელი სასტუმროც
მომეწონება, კვებით, მის გარეშე. თუმცა, დროში შეზღუდულები ვიყავით, თვითმფრინავის
ბილეთის ღირებულება იზრდებოდა და იგივე სასტუმრო რომ დაგვეჯავშნა გაცილებით ძვირი დაგვიჯდებოდა
მოგზაურობა, ვიდრე თითოელმა ჩვენგანმა ტურისტულ სააგენტოს გადავუხადეთ.
მოგეხსენებათ, ლარნაკას მიმართულებით პირდაპირი რეისებია
ქუთაისიდან.
 |
ხედი იმერეთის საჰაერო სივრციდან |
დავიქირავეთ ტაქსი, რომელიც ზუსტად 8 ადამიანს იტევდა და გავეშურეთ
ქუთაისის, კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტისკენ, ონლაინ ჩექინი გავლილი გვქონდა და
იქ მისულები სულმოუთმენლად ველოდებოდით აფრენას. აღსანიშნავია, რომ პილოტმა მშვენივრად
ჩაგვაფრინა ქარიან ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტში, ჩვენი სასტუმრო კი კურორტ აია
ნაპაზე გახლდათ, რომელიც დაახლოებით 40-45 წუთის სავალ გზაზეა ლარნაკადან. ლარნაკა-აია
ნაპას მიმართულებით ტურისტული ავტობუსები და მინი ვენები დადის, ჩვენ მინი ვენით წასვლა
ვარჩიეთ, ფასი ორივე ტრანსპორტით მგზავრობის დროს ერთი და იგივე, 10 ევრო ღირს.
 |
თივის ტუკები |
გზად
ბევრი ფერადი და ლამაზი ყვავილები გვხვდებოდა, მიუხედაავდ იმის, რომ ნახევრადუდაბნოს
ჰავაა და საშინელი სიცხე იგრძნობოდა ქალაქში, მიდვრებში ბალახი კი სრულიად გამხმარიყო
და ადგილობრივ გლეხებს კოხტად დაეგორგლებინათ და მოხრიოკებულ მიწას მიმზიდველ იერს
აძლევდა. მე, როგორც ფოტოგრაფიით გატაცებულმა, არ შემეძლო პეიჟაზებისთვის მხოლოდ მეყურებინა
და კადრზე არ აღმებეჭდა, თუმცა ჩვენი ტაქსი საკმაოდ სწრაფად მიდიოდა ავტო მაგისტრალზე,
ამიტომ ფოტოები შედარებით ბლარი გამოვიდა. რომ მეთქვა გამიჩერეთ 2 წუთი, ფოტოებს გადავუღებ
და შემდეგ განვაგრძოთ გზა-მეთქი, ჩემი დაღლილი მეგობრები ვიცი არ მაპატიებდნენ და ვიჯექი
ჩემთვის ჩუმად, თან უკვე ისეთი მოშიებული ვიყავი, მხოლოდ საჭმელზე ვფიქრობდი. კარგადაც
მოვიქეცი რომ არ გავაჩერებინე, აია ნაპაზე მრავლად დაგვხვდა მსგავსი პეიზაჟები, თუმცა
მშიერი დავრჩი საღამომდე, თუ რატომ მაგასაც მოგიყვებით...
 |
Calisto Holiday Village Hotel |
ჩვენმა ტაქსმა პირდაპირ „Calisto Holiday Village Hotel”-ის
კარის ზღურბლთან მიგვიჩერა მანქანა, ბარგის გადმოღებაში დაგვეხმარა და დაგვემშვიდობა.
კარში მომღიმარი, სიმპატიური შვეიცარი შეგვეგება და კარის გაღების შემდეგ კიდევ უფრო
მომღიმარი, აი ისეთი, 32 კბილი რომ უჩანთ ხოლმე, სასიამოვნო გარეგნობის ქალი (სავარაუდოდ
სასტუმროს მენეჯერი) მოგვესალმა და გვთხოვა ცოტა ხანს იქვე მოგვეცადა, რადგან რისიფშენთან
საკმაოდ დიდი რიგი იდგა. როგორც იქნა, ჩვენი ჯერიც მოვიდა და პირველ რიგში ჩვენმა
32 კბილიანმა მასპინძელმა გვარები გვკითხა, დიდი ხნის ფურცლებში ქექვის შემდეგ, ისევ
გვერდით მოცდა გვთხოვა. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი გვარები კი ფიქსირდებოდა მათ ქაღალდებში,
მაგრამ სასტუმროს ყველა ნომერი დაკავებული იყო ("Hotel is overbooked" რამდენჯერმე გაგვიმოერა) და ჩვენთვის ადგილი არ მოეძებნებოდათ.
იმედია, ჩემი მეგობრები ამ ისტორიის მოყოლის გამო არ გამიბრაზდებიან, რადგან ვთქვით
„რაც მოხდა აია ნაპაზე, რჩება აია ნაპაზე“, მაგრამ მე ვარღვევ დუმილს და გეუბნებით,
რომ არასდროს დაჯავშნოთ “Calisto
Holiday Village Hotel”, თუ აია ნაპაზე მოხვდებით. იქ მისული სტუმრების უმრავლესობა ჩვენი ბედის
მოზიარე აღმოჩნდა, ყველა ერთი და იგივე პრობლემით, ალტერნატივა კი სხვა სასტუმროში
გაგზავნა იყო, რაზეც ჩვენ თავიდან უარს ვამბობდით და ვითხოვდით ახსნა-განმარტებას შექმნილი
სიტუაციისა და დაკარგული დროის გამო, არა და გარეთ ისეთი კაშკაშა მზე და ლივლივა, კამკამა
და ცისფერი ზღვა გველოდებოდა. ბევრი დავისა და ლოდინის შემდეგ დავთანხმდით სხვა სასტუმროში
გადასვლაზე, რომლის ფოტოებიც Booking.com-ზე
არც ისე ცუდად გამოიყურებოდა, ტაქსი გამოგვიგზავნეს და ისევ ღიმილიანი სახით დაგვემშვიდობნენ.
თუმცა ადგილზე მისულებს სულ სხვა სურათი დაგხვდა, სულ სხვა კლასის, გაბარიტებისა და
მომსახურების სასტუმროში აღმოვჩნდით. ჩვენთან ერთად
ორმა ბრიტანელმა გოგომ იმგზავრა, მათაც იგივე პრობლემა ჰქონდათ.
 |
Amethys Napa Hotel & Spa |
პირველად ჩემმა მეგობრებმა
გაიარეს ჩექინი და თან ოთახების დასათვალიერებლად გაიქცნენ, სანამ ჩემი ჯერი დადგებოდა,
მანამდე მიმღების გოგონამ სასტუმროს წესები გაგვაცნო, თურმე დამატებით თანხა უნდა გადაგვეხადა
ინტერნეტისა და აუზით სარგებლობისთვის, ოთახების დაცულობისა თუ ჩვენივე უსაფრთხოებისათვის,
ამასობაში ჩემი გოგოები აღშფოთებულები დაბრუნდნენ. სასტუმროს ნომრებს საზიარო აივანი
ჰქონდა და კარი კარგად არ იკეტებოდა, რაც ჩვენთვის მოსალოდნელ გარემოს არ შეესაბამებოდა
და არც უსაფრთხოდ გამოიყურებოდა ეს ყოველივე. გამოვიძახეთ ისევ ტაქსი და პირვანდელ
სასტუმროს გზას გავუდქით, ჩვენს ბრიტანელ ახლად შეძენილ მეგობრებთან ერთად. უკან დაბუნებულემა,
32 კბილიან მომღიმარ სასტუმროს მენეჯერს ჩვენი გადახდილი საფასურის შესაბამის სასტუმროში
გადასვლა მოვთხოვეთ, ისინი ისევ შეუსაბამო ვარიანტებს გვთავაზობდნენ, ბოლოს, ჩვენ მოვძებნეთ
ახალად აშენებული, 4*-იანი, მშვენიერი დიზაინის სასტუმრო, მეგობრული სტაფითა და უგემრიელესი
შვედური მაგიდით, საუზმე-ვახშამზე რომ სულ გემრიელად მივირთმევდით, აი ისეთი. სასტუმროს
ნომრის ავნიდან კი ულამაზესი ზღვის ხედები იშლებოდა.
 |
აია ნაპას ფერად ყვავილებიანი ქუჩა |
დაღლილობისა და სიბრაზის მიუხედავად, სასტუმროთი აღფრთოვანებულებმა
კარგად ვივახშმეთ და გავედით აია ნაპას ქუჩებში სახეტიალოდ. უნდა აღინიშნოს, რომ კვიპროში
დასვენებისთვის საუკეთესო პერიოდი მაისი ან შემოდგომის დასაწყისია, რადგან ამ დროს
საკმაოდ ცოტა დამსვენებელია კურორტზე, ძირითადად ადგილობრივები არიან და კიდევ რუსები,
უკრაინელებიც. საღამოს თუ სეირნობას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, ზღვის ნაპირია და
საკმაოდ გრილი ნიავიც ქრის, ამიტომ ერთი ხელი თბილი ტანსაცმელიც არ დაგავიწყდეთ.
წყალი ძალიან სასიამოვნოა, შუადღის მზე კი ისეთია, დამწვრობა
გარანტირებული გექნება თუ დამცავი არ წაისვი ან ქოლგას არ შეაფარე თავი. მზის დამცავი
კრემი აუცილებელი ატრიბუტია კვირპოსზე მოგზაურობის დროს. მე გიყვებით მაისის დასაწყისზე,
ზაფხულში გაუსაძლისი სიცხე ყოფილა და ზღვასავით ტურისტების ნაკადი, აი ისეთი, რომ იტყვიან
ხოლმე, ნემსი არ ჩავარდებაო. მე ვიტყოდი, პლაჟზე აქლემების ქარავანივით ერთმანეთს მიწყობილები
და მზეს მიფიცხებულები.
გირჩევთ, ქალაქში ფეხით გადაადგილეთ, ტაქსი ერთ ადამიანზე
2 ევრო ღირდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა 200 მეტრის მანძილზე მიჰყავდი, თუ 20 კმ-ით დაშორებულ
რომელიმე მიტოვებულ პლაჟზე. არც ისე დიდია აია ნაპა და შესაბამიად არც ისე დამღლელი
ერთი დანიშნულების ადგილიდან მეორემდე მისვლა.
 |
Makronissos Kandi Beach |
სულ რამდენიმე კარგი პლაჟია, მათ შორის
ყველაზე ცნობადი „Nissi Beach“,
სიმართლე რომ გითხრათ, მე „Makronissos Kandi Beach“ უფრო მომეწონა: ლამაზი შეზლონგები
(2,5 ევრო ღირს დაქირავება, თუ ქოლგის ქვეშ გსურს მზეს მიეფიცხო ამაშიც დამატებით
2,5 ევროს გადახდა მოგიწევს), გვერდით კაფე-ბარიდან გამოსული გემოვნებიანი მუსიკით
გაჟღენთილი გარემო დაგხვდებათ, ცოტა ტურისტი და იქვე შესაძლებელია გემრიელი კოქტეილებისა
თუ არომატული ყავის დაგემოვნება.
ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის ერთი „შარდენი“ იქაცაა,
ბარების წინ პრომო ბიჭუნები დგანან, რომლებიც შიგნით გეპატიჟებიან, თან შემოთავაზება
აქვთ 2+1 სასმელი და კარგი მუსიკა. არ ვიცი, ალბათ ადრე მივედით ჩვენ, ხალხი საერთოდ
არ დაგვხვდა, ამიტომ წინა დღეს შემჩნეულ საინტერესო „Tequila Mexican Restaurant&Bar“-ში გადავწყვიტეთ
გართობა.
არც შევმცდარვართ, სახალისო, მექსიკური კულტურით, ინტერიერითა და მექსიკური
ტემპერამენტიანი მომსახურეებით სავსე ბარში ამოვყავით თავი, მოჰიტოები და სხვადასხვა
კოქტეილებიც გავსინჯეთ და კარგადაც მოვილხინეთ მექსიკური მუსიკის ფონზე, ჩემი რეკომენდაცია
ამ რესტორანს, აუცილებლად ესტუმრეთ და სომბრეროებში ფოტოც არ დაგავიწყდეთ.
 |
მე და ჩემი მეგობრები მექსიკურ ბარში |
ჩვენი 4 დღიანი თავგადასავლებით სავსე მოგზაურობის რამდენიმე
საათი აია ნაპას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონახულებას მივუძღვენით. ბევრი არც
არაფერია სანახავი, „ქანდაკებების პარკი“ - ასე უწოდებენ სანაპიროს მოხრიოკებულ გორაკზე
ათასობით ჩამავალი მზის მოცქირალ მწკრივზე განლაგებულ სხვადასხვა ფორმისა და ისტორიის
მატარებელ ძეგლებს, მაგრამ არც მისი დაუთვალიერებლობა დაგაკლებთ რამეს. ცოტა ხნით თუ
ხართ, ჯობს რელაქსირდეთ, წიგნი წაიკითხოთ ლაჟვარდოვანი ზღვის სანაპიროზე, შუა დღეს
ბერძნული ყავა დააგემოვნოთ ასევე ბერძნული დიზაინის კაფეებში, ბევრი ზღვის პროდუქტი
მიირთვათ, მოუსმინოთ მუსიკას და მზეს დაეშუროთ, სუვენირების მაღაზიაში ბოდიალიც არ
დაგეზაროთ. საღამოს კი ბევრი ისეირნეთ ზღვის სანაპიროსა თუ აია ნაპას ფერადი ყავავილებით
სავსე ქუჩებში.
 |
ქანდაკებების პარკი |
პ.ს. თქვენთვის მოსაყოლი კიდევ მაქვს აია ნაპაზე, ერთ
ბლოგში ვერ ჩავატიე და შემდეგ გაგიზიარებთ კიდევ ჩემს კვიპროსულ გამოცდილებას
Comments
Post a Comment