მოგზაურობა რაჭაში, ანუ რაჭა ჩემი სიყვარული

გონა

„რაჭა ჩემი სიყვარული“ - სწორედ ასე დავასათაურებდიჩემს მოგზაურობას რაჭაში, ოქტომბრის თვის პერიოდში. წვიმას არ შევუშინდით და გავეშურეთ რაჭის მთების დასალაშქრად. ნაქერალას უღელტეხილის შემდეგ იწყება რაჭის მხარე, რომელიც დასავლეთ საქართველოში, მდინარე რიონის ხეობაში მდებარეობს. ნაქერალას უღელტეხილამდე გზად ტყიბულიც გავიარეთ. ჩვენი ტურის ხელმძღვანელის წარმოდგენით ტყიბულში „დრო გაჩერებულია“, რაზეც არ შემიძლია არ დავეთანხმო მას. წვიმა ქალაქს უფრო დრამატულს ხდიდა, ქუჩაში არა თუ სულიერი, არამედ შინაური ცხოველებიც კი არ შეგვიმჩნევია. თითქოს იქ ყველაფერი ჩამკვდარიყო, სიცოცხლე არ ჩქეფდა და დრო გაყინულიყო.


უწერა
ამინდის მიუხედავად, 2 დღიანი ტურის გეგმიდან, მხოლოდ ცხარჯვარის მონახულება ვერ შევძელით, რომელსაც უნიკალური მდებარეობა აქვს თურმე, რადგან, კოლხეთის დაბლობის ყველა დასახლებული პუნქტიდან ჩანს. ზღვის დონიდან 1569 მეტრზე მდებარე მთაზე ასვლა ვერ გავრისკეთ, რადგან ტალახში ფეხი სრიალებდა და საშიშროებას წარმოდგენდა ტურის მონაწილეებისათვის. ამიტომ გზა შაორის წყალსაცავისკენ გავაგრძელეთ. ნისლში გახვეული შემოდგომა რაჭას კიდევ უფრო მისტიკურსა და ლამაზს ხდიდა. ხილვადობა ძალიან დაბალი იყო, მაგრამ როგორც კი წყალსაცავის ნაპირს მივადექით, ბუნებამ განწყობა გამოიკეთა და მზემაც გამოანათა. წითელ-ყვითელ ფერებში აკიაფებული ხეები კიდევ უფრო ააბრჭყვიალა ოქროსფრად შემოდგომის თითქოს ძალადაკარგულმა, მაგრამ მაინც თბილმა მზის სხივებმა. ამ ფერთა გამას კი ერთი-ორად გამრავლებულს წყლის ზედაპირზე ვუყურებდით და ვტკვებოდით.

შაორის ტბა
ცხრაჯვარზე რადგან ვერ მოვახერხეთ ასვლა, ტურის მარშრუტმა „უდაბნოსკენ“ აიღო გეზი. „უდაბნოსკენ“ საფეხმავლო 3 კილომეტრიანი მარტივი გზა მიუყვებოდა, ტყეში ბევრი ასკილისა და ქაცვის ბუჩქი გვხვდებოდა. დროდადრო კი დიდ გუბეებს ვაწყდებოდით, რაზეც გადასვლა საკმაოდ გვიჭირდა. რაჭაში მოგზაურობის დროს წვიმა ან უკვე ნაწვიმი თუ დაგხვდათ, აუცილებლად გაიყოლეთ ლაშქორბისათვის შესაბამისი ფეხსაცმელი.  „უდაბნოს“ ნახვის მოლოდინში იმედები გაგვიცრუვდა, რადგან 3 კილომეტრიანი გზის დასასრულს ჭელიშის მონასტერს მივადექით. დაბურულ ტყეში, მდინარის პირას პატარა ტაძარი იდგა, მძიმე ურდულითა და პატარა სარკმელებით („უდაბნო“ კი არსად ჩანდა). მოვილოცეთ და ისევ უკან დავბრუნდით, ჯამში 6 კილომეტრი დამღლელი აღმოჩნდა აღმართ-დაღმართიან გზაზე სიარულს მიუჩვეველი ხალხისათვის.

შაორის ტბა
დღის განმავლობაში ნიკორწმინდაც მოვილოცეთ და შებინდებისას ამბროლაურში შევჩერდით, სადაც ახლადგარემონტებულ „გესთჰაუსში“ განვთავსდით. რაჭველები ძალიან თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია, ხვანჭკარა და საგზლად ხილი არ დაგვაკლეს მასპინძლებმა. საღამოს, ამბროლაურის ერთ-ერთი რესტორნის რაჭული ლობიანებიც დავაგემოვნეთ და ქალაქის ქუჩებშიც გავისეირნეთ. დიადი მთების ხილვა და რიონის მქუხარე ხმის მოსმენაც საკმარისია აბროლაურში განტვირთვისათვის.


ღები
გარიჟრაჟზე მაღალმთიანი რაჭისაკენ გავეშურეთ. ულამაზესი პეიზაჟები იშლებოდა გზად, შეფერადებული ხის ფოთლები, გვერდით მდინარე რიონი, დღემდე თვალებიდან არ ამომდის, თანაც მეორედ ვიყავი ღებში და ნანახმა მოლოდინს მაინც გადააჭარბა.
ჩემი მეგობარი ანაც თან მახლდა ტურში, ძალიან უყვარს ფოტოების გადაღება და ლაშქრობა, ჩემზე მეტადაც კი. ტურის განმავლობაში ტრანსპორტში თუ ვინმეს კივილის ხმას გაიგებდით, ეს ანა იყო. რას კიოდა? - გამიჩერეთ-ო, პეიზაჟების ფოტოზე აღბეჭდვა უნდოდა და მიმავალი მანქანიდან, თანაც უსწორმასწორო გზაზე, ვერ ახერხებდა. რადგან ტურის გიდი ანას მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. მან მიზნად დაისახა ავტომობილის შეძენა და მოგზაურობა, ვნახოთ „ფინიშში“ როდის გავა. მიზნის მისაღწევად ერთი ნაბიჯი უკვე გადადგული აქვს - ხელში მართვის მოწმობა.

პირველად სოფელ ღებში შევჩერდით, ადგილობრივებს გამოველაპარაკეთ, ფოტოები გადავუღეთ. სანდომიან ბებია-ბაბუებს მძიმე ცხოვრების წესის მიუხედავად, მოხუცებულობა ვერ შევატყვეთ. გული დაგვწყვიტეს:„წელს ადრე აცივდა, ფოთლებმა გაყვითლება ვერ მოასწრეს, უკვე გასცვივდა“-ო. მგონი, შეცდნენ. რაც უფრო ვშორდებოდით ღების დასახლებას, მით უფრო ყვითელი ფოთლების ზღაპარში ვმოგზაურობდით.


თურმე, ადრე სოფელ ღებში სათოფურიანი სახლები იდგა, რომელიც ძალიან წააგავდა სვანურ კოშკებს. დღეს სოფელში მხოლოდ ერთი სათოფურიანი სახლია შემორჩენილი, რომელიც დანგრევის პირასაა. ერთ-ერთ ბიზნესმენს კი იქ თანამედროვე კოშკი აუგია საცხოვრებლად. კოშკის ეზოდან ულამაზესი ხედი იშლება, მთებს შორის მოქცეული მდინარე როგორ არღვევს ნაპირებს და მოთქრიალებს. ღების მოსახლეობას ძირითადად მოხუცებულები შეადგენენ, ახალგაზრდებმა კი უკვე დიდი ხანია დატოვეს იქაურობა. სახლებიც მიუხედავი, ალაგ-ალაგ ჩამონგრეული, დაშლილია. არა და ამ სილამაზის მიტოვება ან მიუხედაობა იქნებოდა? მიუხედავად იმის, რომ ვიზიტორების ნაკლებობას არ განიცდიან, ინფრასტურქტურის არასებობა კიდევ უფრო აფერხებს ტურისტური პოტენციალის ზრდას მაღალმთიან რაჭაში.

სოფელ ღებიდან მარტივი საფეხმავლო გზა მიუყვება სოფელ გონამდე, დაახლოებით 12 კილომეტრის მანძილის (ორი გზა). ჩავიცვით კომპფორტული ფეხსაცმელები, თბილი ტანსაცმელი, მოვიმარაგეთ წყალი და დავიძარით „შვეიცარიის ალპებისკენ“. დიახ, დიახ, სწორედ „შვეიცარული ალპებისკენ“ ავიღე გეზი. ღები და გონა ულამაზესი ლანდშაფტით ძალიან წააგავს შვეიცარულ სოფლებს. ეს მხოლოდ მე არ შემიმჩნევია, ვისაც უნახავს ამ ორი სოფლის გამაოგნებელი სილამაზე, ყველა ერთ აზრზე ვთანხმდებით, თქვენ როგორ ფიქრობთ? ვისაც ჯერ არ გინახავთ, მოინახულეთ და გამიზიარეთ თქვენი შთბეჭდილებაც  გონასა და ღებზე.





სრული თავისუფლება, სიფერადე და „კეკლუცი“, დათოვლილი მთები, ეს ყველაფერი დაგხვდებათ გონაში შემოდგომაზე. ზღვის დონიდან 1680 მეტრზე მდებარე სოფელში 2002 წლის მონაცემებით, 2 მოსახლეა დარჩენილი, ძირითადად ზაფხულის საძოვრებად იყენებენ ფერმერები ამ ტერიტორიას. გონასაკენ მიმავალ გზაზე მდინარე ჩვეშურსაც გაივლით. ნახავთ როგორ მოედინება მყინვარებიდან ფირუზისფერი, საკმაოდ სწრაფი მდინარე. მინდვრის ყვავილის ნაირსახეობებიც არ გამოეპარება თქვენს თავლთახედვას. მიუხედავად იმის, რომ რამდენიმე მათგანი სასიკვდილოდ გავიმეტე, ხან ერთ ფერს ვიმაგრებდი თმაში, ხანაც მეორეს, მახალისებდნენ ეს ნაზი და სათუთი მცენარეები.

კურორტი შოვი, "სტალინის საზაფხულო რეზიდენცია"
ბოლო გაჩერება შოვი გახლავთ. ბევრი ისტორია მსმენია იქ მდებარე ძველ, მიტოვებულ ხის სახლზე, რომელსაც „სტალინის საზაფხულო რეზიდენციად“ მოიხსენიებენ. შოვის ტურისტულ ბაზაზე წელს რამდენიმე სხვა ხის მიტოვებული სახლიც დაგვათვალიერებინა ტურის ხელმძღვანელმა. გარდა ჩემ მიერ ნახსენები „რეზიდენციისა“, თურმე კიდევ სხვა შენობებსაც ხალხი ასე მოიხსენიებს, როგორც იოსებ სტალინის საკუთრებას. იმასაც გეტყვით, რაც გადმოცემით ვიცი, როდესაც სტაილინი დასასვენებლად შოვში აპირებდა გამგზავრებას შუა გზაში შეუძლოდ გახდა და მგაბრუნდა, შოვში ფეხი არასდროს დაუდგამს. არ ვიცი ეს ინფორმაცია მითია თუ რეალობა, მაგრამ ფაქტია, იქ მისულ ტურისტებს გიდები შემოგარენის ისტორიის თხობისას სტალინს არაერთხელ ახსენებენ. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ შოვში არსებულ სახაფხულო რეზიდენციებთან დაკვაშრებით, სტალინს მართლა ეკუთვნოდა ულამაზესი არქიტექტურის მქონე ხის სახლი?


კურორტზე ასევე ხის თეთრ სახლსაც არ ჩაუვლით გულგრილად, გორაკზე აშენებულ, პატარა და მყუდროს, რომელსაც გალაკტიონის სახლსაც უწოდებენ. იქ ყველა შენობა მისტიკური და მიმზიდველია, გარშემო ულამაზესი წიწვოვანი და ფართოფოთლოვანი ტყეები, მათ უკან კი დათოვლილი მთები მოჩანს, მოკლედ, ხედი შესანიშავი. 
გარდა ზემოჩამოთვლილი ლოკაციების, რაჭაში კიდევ არის მოსანახულებელი ადგილები, მაგალითად ესენია: გულის ფორმის ჩანჩქერი, საყინულე, ბარაკონის ტაძარი, ონის სინაგოგა და სოფელი უწერა. ამ უკანასკნელს გასულ წელს ვეწვიე. უწერა გარშემორტყმულია ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ტყებიით. ის ერთ-ერთი საუკეთესო მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. როგორც უწერაში, ასევე შოვში მოიპოვება მჟავე წყლები, რომელიც სამკურნალო თვისებებითაა გაჯერებული.


სხვათაშორის, პირველად უწერაში ვინატრე პროფესიონალური ფოტოაპარატის ქონა. ღამის ცა იყო შთამბეჭდავი. მაშინ ვნახე რძიანი ცა (Milky way), რომლის ფოტოზე აღბეჭდვა საოცრად მინდოდა, ეს მოვლენა ყველამ უნდა ნახოს.

ეწვიეთ რაჭას ნებისმიერ სეზონზე, თავად დარწმუნდით მის სილამაზეში და დატკბით საქართველოს მომაჯადოებელი და მრავალფეროვნებით აღსავსე ბუნებით. თან, ხელი შეუწყევთ ქვეყნის ტურიზმის წახალისებაში. ჰო და #spend4seasonsinRacha


ღები



















Comments