მესტია - ზღვის დონიდან 1500 მეტრზე

ჩემს გარშემო ბევრი მეგობარი, ახლობელი, ნაცნობი მოგზაურობს საზღვარგარეთ დასვენების, გართობისა თუ კულტურული მემკვიდრეობების მონახულების მიზნით, ან და კილომეტრებით დაშორებული, მონატრებული ნათესავების გულის გასახარებლად. მათ უმრავლესობას შესაძლოა საქართველოს რეგიონებზე მეტი ქვეყანა აქვთ მოვლილი. მივესალმები სხვადასხვა ქვეყნის კულტურისა და სამზარეულოს გაცნობას (არა მხოლოდ), რაც მეტს სწავლობს ადამიანი, მით უკეთესია, მაგრამ საქართველოს ყოველი კუთხის წეს-ჩვეულებებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობა თითოეული ქართველის მოვალეობაც კი მგონია, არ მეთანხმებით?

პირადად მე, საქარველოს ბევრი კუთხე-კუნჭული მაქვს ჯერ კიდევ მოსანახულებელი და ვცდილობ ჩემს ბლოკნოტში ჩამოწერილ უზარმაზარ ჯერ კიდევ უნახავი ადგილების სიას დიდი პლუსი დავუსვა გვერდით, თითქოს ასე უფრო მარტივია შენს მიზნებთან მიახლოება და გგონია, ამ ერთი პლუსით ბვერი რამ შეემატა შენს ცნობიერებას და მგონი, ასეცაა.
პირველი ბლოგი იმდენად სავსე იყო თავგადასავლებით, ჩემს შესახებ რომ ერთი-ორი სიტყვა მეთქვა, აღარ გამახსენდა. თუმცა, ახლა გეტყვით, ვარ 23 წლის, მოტივირებული, მიზანდასახული, მოგზაურობის მოყვარული გოგონა, პროფესიით მარკეტერი. ამჟამად კი „ნიკორა ჰოლდინგის“ მარკეტინგის სპეციალისტი გახლავართ. მიყვარს საინტერესო კადრების/ფაქტების ფირზე აღბეჭდვა, ახლა უკვე წერილობითაც კი. ჩემზე რომ აღარ გავაგრძელო წერა, დავიწყებ მოყოლას ზამთრის ბოლო „უიქენდის“ შესახებ, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრზე გავატარეთ მე და ჩემმა შვიდმა თანამშრომელმა. სულ 8 ვიყავით, წინა ბლოგშიც ზუსტად 8 მეგობარმა ვიმოგზაურეთ ხმელთშუა ზღვის ლაჟვარდოვან სანაპიროებზე. თითქოს ციფრი 8 ჩემთვის იღბლიანია, ჩემი ჰოროსკოპიც ამას მეუბნება, მაგრამ ვარსკვალებს ყოველთვის ვერ მივენდობი.
„ნიკორა ჰოლდინგის“ მარკეტინგის დეპარტამენტში სულ გოგონები ვართ, ყველა მოგზაურობის მოყვარული, თუმცა ჩვენს შორის ერთ-ერთი მათგანი ყველაზე მეტადაა მთებზე შეყვარებული. ყოველთვის ერთდღიან მინი ექსკურსიებზე ვსჯელობდით, საბოლოოდ არცერთი მსჯელობის შედეგი არ განგვიხორციელებია, გარდა 4 იანვარს, ჩემს დაბადების დღეზე მიღებული გადაწყვეტილების, სვანეთში უნდა წავსულიყავით და არ უნდა გადაგვედო ეს შემდეგი სეზონისთვის, ასეც მოვიქეცით. ზამთრის, დათოვლილი მესტია ხომ შეუდარებელია, ეს ყველამ უნდა ნახოს, არ აქვს ეროვნებას, რასას, რელიგიას მნიშვნელობა.
მესტია, სვანეთი
მარკეტინგის 4 გოგო და კიდევ  სხვა დეპარტამენტის რამდენიმე წარმომადგენელი შაბათს, დილით 6 საათზე გავეშურეთ მესტიისაკენ. გზად რამდენჯერმე შევჩერდით. გორში „დანქინის“ და ზესტაფონში „ლავუაზიეს“ ყავა თუ არ მოწრუპე აისზე, სხვანაირად მოგზაურობა არ შედგება.  ზუგდიდში დადიანების სასახლის ნახვაც გვინდოდა, მაგრამ ვერ მოვასწარით. ჯობს, თბილისიდან გაცილებით ადრე გახვიდეთ, რათა ბევრი რამის ნახვა მოასწროდ როგორც გზად, ასევე მესტიაში. ენგურჰესს რომ გასცდებით, აი იქიდან იშლება ჩვენი საოცარი ბუნების ხედები, ისეთი მთელი გზა რომ ვტკბებოდით და თან ყველა მხარეს ტელეფონი გვქონდა მომარჯვებული ფოტოს გადასაღებად. 9 საათიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა გამოჩნდა მესტიის სავიზიტო ბარათი - სვანური კოშკები. სვანური კოშკები იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენს. გარდა ამისა, 2011 წელს ქვის არქიტექტურის საერთაშორისო კონკურსზე დაჯილდოვდა პრემიით „ხალხური არქიტექტურა“. ქვის კოშკები, რომელიც 4-6 სართულისგან შედგება, გავრცელებულია სვანეთში, როგორც თავდაცვითი ნაგებობა.
ძალიან საყვარელ, ახლად აშენებულ ხის კოტეჯში განვთავსდით, საიდანაც მესტიის ცენტრის ულამაზესი ხედები იშლებოდა, განსაკუთრებით ჩემი ოთახის ფანჯრიდან. ცოტა წავიხემსეთ და მესტიის ქუჩებში გავეშურეთ სახეტიალოდ. მესტიაში მდებარე ყველა მუზეუმი მნახველებისთვის 6 საათამდეა ღია, გარდა ორშაბათი დღის. სამწუხაროდ, ჩვენ ვერცერთს ვერ მივუსწარით, სამაგიეროდ, მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმის სახურავიდან გადახედვა მოვახერხეთ. მაღალი ადგილიდან ძალიან კარგად ჩანს თითოეული მხარე, ხედი და მგონი, კარგი ფოტოებიც გამოგვივიდა. ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ქართული ჭედური ხელოვნების მრავალი ღირსშესანიშნავი ნიმუში, ძველი ქართული ენისა და მწერლობის უძველესი ძეგლები.

მესტიის ხედი ეთნოგრაფიული მუზეუმიდან
მესტიის მკივდრები
შემდეგ გავაგრძელეთ ხეტიალი და ბევრი საინტერესო ადგილი აღმოვაჩინეთ და ადგილობრივ სვანებსაც გამოველაპარაკეთ. მითია თუ რეალობა სვანი ხალხის მძიმე ხასიათის შესახებ? ჩემი აზრით, მითია, ძალიან თბილი, საყვარელი, მშრომელი, სტუმართმოყვარე ხალხია. ტურისტების დანახვა კი ძალიან უხარიათ და ცდილობენ სვანეთის შესახებ სხვადასხვა საინტერესო ისტორია გაუზიარონ, გზასაც სიხარულით მიგასწავლიან, თუ დაგჭირდათ გაგნება.
გზაზე ძველი თოვლი იდო, სიარულიც არ გვიჭირდა, სანამ კარგად არ დავიღალეთ, მანამდე კოტეჯში არ დავბრუნდით. თოვლის მოლოდინში კი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ამინდის პროგნოზს ვამოწმებდით, აშკარად ჩვენი აპლიკაციები ცხდებოდა, თოვას აჩვენებდა, მაგრამ უშდეგოდ... ამასობაში, მოსაღამოვდა, ბუხრის გარშემო ჩამოვხედით, ჭიქა ღვინით ხელში და სხვადასხვა თემებზე ვსჯელობდით. ასეთი გასვლითი ღონისძიებები საუკეთესოა „თიმ ბილდინგ“ აქტივობებისთვის. აზრებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. მინი დინამიკის წაღებაც არ დაგვავიწყა, ჩვენს საუბარს სასიამოვნო მუსიკა სდევდა თან და ბუხრიდან, აგიზგიზებული შეშის ტკაცა-ტკუცი.
ამინდის პროგნოზმა მთლად არ გვიმტყუნა და 12 საათისკენ დაიწყო ბარდნა, თეთრი, ქათქათა ფიფქებით ათოვდა მესტიას, ნისლში გახვეული კოშკების ქალაქს. დილას კი ყველაფერი გადათეთრებული დაგვხვდა, ამის ნახვა კი ყველაფრად ღირს. ამბობენ, ზამთარში იმდენად არ ჩანს მესტიის სილამაზე, ზაფხულშიც აუცილებლად უნდა ესტუმრო-ო, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ თოვლი ყველაზე მეტად უხდება იქაურობას.

დათოვლილი მესტიის ხედი კოტეჯიდან
ქალაქის ქუჩებში ბევრი მიუსაფარი ძაღლები დასეირნობენ, ზოგი დაპურებული, ზოგიც კი მშიერი თვალიებით მოცქირალნი. მოგეხნებათ, ზამთრის განმავლობაში ქუჩები ძირითადად თოვლითაა დაფარული, რაც მათთვის საკვების მოპოვებას ართულებს. ამიტომ, მესტიაში თუ დაგეგამვთ ტურს, აუცილებლად გაიყოლეთ ცუგებისთვის საკვები, ან იქ შემორჩენილი არ გადაყაროთ და გაახარეთ საყვარელი, სვანური გარეგნობის შინაური ცხოველები.
















საუზმის შემდეგ ჰაწვალის საბაგიროთი ასვლა გადავწყვიტეთ ზურულდის მთაზე. საბაგიროს ერთჯერადი ბილეთის შეძენა იქვეა შესაძლებელი, სულ რაღაც 15 ლარად, თხილამურებით სრიალს კი დროის უქონლობის გამო არცერთი ვგეგმავდით. დავსხედით თუ არა საბაგიროზე, იმ წუთას ზღაპარში ამოვყავით თავი, დათოვლილ ფიჭვნარს მიუყვები ზემოთდაზემოთ, თითქოს ცის დასალიერში, უკან მობრუნებულს კი ულამაზესი, დათოვლილი მესტიისა და დიადი უშბის ხედი გეშლება თვალწინ. ერთი საბაგიროდან მეორეში გადავსხედით და ახლა უფრო ახლოს ვიყავით ცასთან. ზურულდის მთასაც მივაღწიეთ ბოლოს, რომელიც ზღვის დონიდან 2348 მეტრზე მდებარეობს. იქვე განთავსებულია კაფე „ზურულდი“, სადაც უგემრიელესი სვანური კუბდარიც აუცილებლად უნდა დააგემოვნო და თუ სიმაღლის მატებასთან ერთად, სიცივემ შეგაწუხა, სხვანურ ღუმელსაც მიეფიცხები და გათბები. ზამთარში, სხვანეთში მოგზაურობისას სასურველია თერმო ტანისამოსით გადაადგილება, წინააღმდეგ შემთხვევაში გაიყინები და ბუნებით ტკბობის ხალისსაც დაკარგავ.

ჰაწვალის საბაგირო
ზურულდის მთიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედები: კავკასიონის ქედის, უშბისა და თეთნულდის კალთების. პეიზაჟებით აღფრთოვანებულებს უკან დაბრუნება აღარ გვინდოდა. თან ისეთი სუფთა ჰაერია, ფილტვები კარგად უნდა დატუმბო ჟანგბადით, იქნებ გამონაბოლქვითა და მტვრით სავსე თბილისში ერთი დღე მაინც გვეყოს სვანეთიდან გამოყოლილი ჰაერი. უკან, ზღვის დონიდან 1500 მეტრს, ისევ საბაგიროთი დავუბრუნდით.

ხედი კაფე "ზურულდიდან"
მუზეუმებიდან მხოლოდ მიხეილ ხერგიანის, „კლდის ვეფხვის“ სახლ-მუზეუმის ნახვა მოვასწარით. შესვლისათვის ბილეთის ყიდვა საჭირო არაა, გიდს უნდა გადაუხადოთ საინტერესო თხრობისთვისა და ხერგიანის საქმენი-საგმირონის გაცნობისათვის, თქვენთვის სასურველი თანხა. ვიტყოდი, რომ ასე საინტერესოდ ჰყვებოდეს გიდი გამორჩეულ ქართველებზე, პირველად მოვისმინე და ფრიად მოხიბლულიც დავრჩი.

მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
იქ გავიგე სვანური მაჩუბების შესახებ, სადაც საქონელი და მოსახლეობა ერთად ცხოვრობდა. ალბათ, 21-ე საუკუნეში მსგავსი ფაქტი გვაკვირვებს, მაგრამ ასე ხდებოდა წლების განმავლობაში, სანამ ცივილიზაცია სვანეთამდეც ჩააღწევდა. გლობალური დათბობის გამო, გაუსაძლისი ყინვები აღარაა მაღალმთიან რეგიონებში, მაშინ კი გათბობისა და საკვების ერთ-ერთი წყარო მათთვის შინაური ცხოველები იყვნენ.

სვანური მაჩუბი
გაჩერების ბოლო პუნქტად ნეგურჰესი ავირჩიეთ, გადავხედეთ ზემოდან მომწვანო-მოფირუზისფერო ენგურს, სადაც ბევრი პროექტი იგეგმება მისი ტურისტულ ზონად გადაქცევისთვის. 
ენგურჰესი
შემდეგ გავეშურეთ თბილისისასკენ, გზაში სხვადასხვა თამაში მოვიფიქრეთ გასართობად, მაგრამ იმდენად დაღლილები ვიყავით ფიზიკურად თუ ემოციურად, ბოლოს ყველას ჩაეძინა. თუმცა, ყველაზე სასიამოვნო „უიექენდი“ გავატარე დათოვლილ ზღაპარში. ისეთი, რომ დაღლაც კი სახალისოდ გვეჩვენებოდა. ვთვლი, რომ სვანეთის სანახავათ 2 დღე საერთოდ არაა საკმარისი და 4 დღით მაინც უნდა ესტუმრო, კარგად დაათვალიერო მისი ეთნოგრაფიული და ხუროთმოძღვრული ნაგებობები.



ადგილობრივები დღემდე მისდევენ უძველეს ტრადიციებს და წესჩვეულებებს. ერთ-ერთი პოპულარული სახალხო დღეობა არის „ლამპრობა“, რომელიც თებერვლის პირველ რიცხვებში აღინიშნება. ჩვენ შედარებით გვიან ჩავედით და ამ დღეობას ვერ ჩავუსწარით, მაგრამ მის კვალს კი ბევრგან მივაგენით. ამ დღისთვის არყის ხისგან იმდენი ლამპარი მზადდება, რამდენი მამაკაციც არის ოჯახში. ღამით ერთდროულად გამოდის ყველა სახლიდან და სოფლის შუაგულში ერთდება. ამ ღამეს მლოცველები წმინდა გიორგის ავედრებენ თავიანთ ოჯახებს.
თუ ჯერ კიდევ არ გინახავს სვანეთი, მესტია და მათი ღირსშესანიშნაობები, ნუღარ დააყოვნებ, დაგეგმე უახლოეს მომავალში, წინ ბევრი საინტერესო რამ გელოდება!








მიხეილ ხერგიანის საძინებელი






Comments